KA
2025-02-13T17:55:23.000000Z
თბილისის ღირსშესანიშნაობები

თბილისის ღირსშესანიშნაობები

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, უძველესი და თანამედროვე კულტურის უნიკალური ნაზავია, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურის გავლენას განიცადა.
სარჩევი

ქალაქის ისტორია ასახულია მის არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაში - დღევანდელი თბილისი ქართული, სპარსული, რუსული და ევროპული არქიტექტურული სტილების ნაზავია, რომელიც უნიკალურ ურბანულ პეიზაჟს ქმნის.

ტურისტს, რომელსაც სურს ამ ქალაქს გაეცნოს, ვიზიტი შემდეგი ღირსშესანიშნაობების მონახულებით უნდა დაიწყოს:

აბანოთუბანი

აბანოთუბანი თბილისის უძველესი უბანია. ის მჭიდროდაა ქალაქის დაარსების ლეგენდარულ ისტორიასთან  დაკავშირებული. გადმოცემის თანახმად, V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო ნადირობისას დაჭრილ ხოხობს გაედევნა და ორივე ცხელ წყაროში აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მეფემ ამ ადგილას ქალაქის მშენებლობა ბრძანა. თუმცა, ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ აქ დასახლება უფრო ადრეც არსებობდა.

აბანოთუბნის მთავარი სახასიათო დეტალი გოგირდის აბანოებია, რომლებიც ადვილად იცნობა სოკოებივით ამოწვერილი მოპირკეთებული გუმბათებით. მათი უმრავლესობა საუკუნეებს ითვლის. XII საუკუნეში აქ 65 აბანო ფუნქციონირებდა, თუმცა დღესდღეობით სულ ათამდე მათგანი ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია XVII საუკუნის ე.წ. "ჭრელი აბანო", რომლის ფასადი ფერადი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული.

სოლოლაკი

სოლოლაკი ძველი თბილისის არქიტექტურულ სულად ითვლება. შენობების უმეტესობა XIX საუკუნის შუა წლებში აშენდა, ბურჟუაზიული წრის წარმომადგენლების მიერ. 

სოლოლაკში შეხვდებით როგორც ტრადიციულ ხის აივნიან სახლებს (ამაღლების ქ. №8 და №23), ასევე ეკლექტური სტილის შენობებსა და მოდერნის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებს. აუცილებლად სანახავია 1914 წელს არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვის პროექტით აშენებული მილოვების სახლი (ქიქოძის ქ. №11) და დავით სარაჯიშვილის სახლი (მაჩაბლის ქ. №13), რომელიც 1905 წელს არქიტექტორმა კარლ ცაარმა ააშენა.

უბნის ისტორიული სახლების გამორჩეულად ცნობილი დეტალია მოხატული სადარბაზოები, რომლებიც იტალიური და ადგილობრივი მარმარილოთი, ლითონის ნაჭედი დეტალებითა და ნაძერწი დეკორითაა მორთული.

ანჩისხატის ეკლესია

VI საუკუნის ანჩისხატის ტაძარი თბილისში უძველესი ეკლესიაა. სამნავიანი ბაზილიკა გვიან შუა საუკუნეებში ქალაქში სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. 1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ეკლესიასთან დაარსდა საერო სკოლა და სასულიერო სემინარია. 

ანჩისხატის ეკლესია ნაგებია ტუფის თლილი ქვით. რესტავრაციისას შევსებული ნაწილი (კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი) აგურისაა. შუა ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და გვერდითა ნავებთან შედარებით მაღალია და ორჯერ უფრო განიერი. ტაძრის აფსიდში შემორჩენილია XVII ს-ის ფრესკების ნაშთი. ტაძრის დასავლეთით გვიანი ფეოდალური ხანის სამრეკლოა განთავსებული. 

სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარია. აშენდა 1996-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. სამება ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რომლის მასიური გუმბათიც რვა ბურჯს ეყრდნობა. საკათედრო კომპლექსში ცხრა ეკლესია და თორმეტი სატრაპეზოა განთავსებული.

ტაძარს ცხრა ზარი აქვს, რომელთა შორის გამორჩეულია დედაზარი - მონოტონური კონსტრუქცია 8200-კილოგრამს იწონის და გერმანიაში სპეციალური შეკვეთით ჩამოისხა. ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 და ქრისტეს შობიდან 2000 წლისთავის აღსანიშნავად აშენდა.

მეტეხის ტაძარი და ვახტანგ გორგასლის ძეგლი

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ზედ მტკვრის ნაპირზე, კლდოვან ქედზე დგას და მის წინ მდგომ ვახტანგ გორგასლის ძეგლთან ერთად თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოდ ითვლება. 

დღევანდელი ეკლესია XIII საუკუნეში აშენდა მეფე დემეტრე II-ის ბრძანებით, თუმცა პირველი ტაძარი ამ ადგილას ჯერ კიდევ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო. ცხენზე ამხედრებული ვახტანგ გორგასლის ძეგლი სწორედ ამ ფაქტის პატივსაცემად აღიმართა 1967 წელს. ქანდაკება ელგუჯა ამაშუკელს ეკუთვნის.

თავად მეტეხის ტაძარი იმ პერიოდის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ, მაგრამ დახვეწილ არქიტექტურულ სტილშია ნაშენები. ფასადი დიდად მორთული არაა - დიზაინის ყველაზე ცნობილი ელემენტები ცენტრალურ შვერილ აფსიდზე განთავსებული დიდი ჯვარი და ორი მოჩუქურთმებული რომბია.

მეტეხის პლატოდან იშლება პანორამული ხედები ძველ თბილისზე, ნარიყალას ციხეზე და აბანოთუბანზე.

რიყის პარკი და მშვიდობის ხიდი

რიყის პარკი მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის მახლობლად მდებარეობს. პარკი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი სივრცეა და მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს სთავაზობს ვიზიტორებს - დაწყებული გიგანტური ჭადრაკით, დასრულებული მუსიკალური შადრევნებით. აქ ყოველწლიურად ათობით კულტურული ღონისძიება იმართება, მათ შორის “თბილისობის” აღსანიშნავი ბაზრობა და კონცერტი.

რიყის პარკშივეა განთავსებული ნარიყალას ციხემდე ასასვლელი საბაგირო გზის ქვედა სადგური.

პარკის მიმდებარედ დგას იტალიელი არქიტექტორის მიქელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული მშვიდობის ხიდი. ამჟამად თბილისში გადებულ ხიდებს შორის ის ერთადერთია რომელიც XXI საუკუნეში აშენდა - მშვიდობის ხიდი ოფიციალურად 2010 წელს გაიხსნა. 150 მეტრის სიგრძის ხიდი მინის პანელებითაა გადახურული და საღამოს საათებში 50,000-მდე LED ნათურით სხვადასხვა ფერებში ნათდება.

ნარიყალას ციხე და ქართლის დედა

ნარიყალას ციხესიმაგრე უძველესი ციტადელი, რომელიც უკვე საუკუნეებია, რაც ქალაქს სოლოლაკის ქედიდან გადაჰყურებს. ამ ადგილას ციხის არსებობა პირველად IV საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით გვხდება (იმ დროს მას კალას უწოდებდნენ). ამჟამად არსებული ისტორიული ნაგებობები XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. მათ შორის ციხის კედლის გასწვრივ ვიწრო კიბეები, რომლებზეც ნებადართულია ნაგებობის თავზე ასვლა. ნარიყალას კედლებიდან საუკეთესო ხედები იშლება თბილისის ისტორიულ უბნებზე. 

ნარიყალას ციხიდან დაახლოებით 5 წუთის სავალზე, იმავე ქედზე დგას თბილისში ყველაზე ცნობილი ქანდაკება - ელგუჯა ამაშუკელის “ქართლის დედა”,  20-მეტრიანი ალუმინის მონუმენტი ასახავს ქალს ტრადიციულ ქართულ სამოსში, რომელსაც მარცხენა ხელში ღვინის თასი უჭირავს, ქართული სტუმართმოყვარეობის სიმბოლო; მარჯვენაში კი - ხმალი, რომელიც მტერთან ბრძოლისთვის მზადყოფნის სიმბოლოა.

ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად 1851 წელს გაიხსნა, თუმცა პირვანდელი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია - შენობა ხანძარს ემსხვერპლა. დღევანდელი ნაგებობა 1896 წელს აშენდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის პროექტით და მავრიტანული არქიტექტურის ელემენტებითაა გაფორმებული.

თეატრის ფასადის მთავარ აქცენტი მდიდრულად მორთული ორსართულიანი პორტიკია. ინტერიერი გაფორმებულია ნაძერწი ელემენტებით, მავრიტანული სტილის მოხატულობითა და აჟურული მეტალის კონსტრუქციებით.

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ქალაქის მთავარი სამხატვრო-საგამოფენო სივრცეა. ნაგებობა რესტავრაციამდე ცისფრად იყო შეღებილი, ამიტომ ხალხი ხშირად “ცისფერი გალერეის” სახელითაც მოიხსენიებს, თუმცა ამჟამად შენობის ფასადი ნაცრისფერია. 

გალერეაში პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ბოლო საუკუნის განმავლობაში მან უმასპინძლა უამრავ ქართულ თუ უცხოურ, თანამედროვე თუ კლასიკური პერიოდების სახვით ნიმუშებს. ამჟამად მუზეუმის ფონდში შენახულია 30 ათასამდე ექსპონატი, მათ შორის XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ქართველი ხელოვანები - ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და სხვათა - ნამუშევრები.

2009 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, გალერეის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი ფილიალი, დაარსდა 1919 წელს. მუზეუმის შენობის მშენებლობა 1913 დაიწყო და 1929 წელს დასრულდა. ფონდში დაცულია მილიონზე მეტი ექსპონატი, მათ შორის უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები, მათ შორის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები კახეთის ყორღნული სამარხებიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) და თრიალეთის ყორღნებიდან (ძვ.წ. II ათასწლეული). 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვანის, ახალგორის და ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში აღმოჩენილი საიუველირო ნიმუშები. მუზეუმში ასევე ინახება უნიკალური ეპიგრაფიკული ძეგლები, მათ შორის ურარტული წარწერები (ძვ.წ. VIII-VII სს.), ვესპასიანეს წარწერა (ახ.წ. I ს.), არმაზის ბილინგვა (ახ.წ. II ს.) და უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონიდან (ახ.წ. V ს.).

მუზეუმში დაცულია ვრცელი ეთნოგრაფიული კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილია ტრადიციული ქართული სამოსი, საბრძოლო იარაღები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ხელნაკეთი ნივთები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. 

ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს “თავის ქალების გამოფენა”, რომელსაც ცალკე დარბაზი ეძღვნება და სადაც homo georgicus (ქართველი ადამიანის) - ევროპის კონტინენტზე აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთებია დაცული.

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც 1966 წელს გაიხსნა აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ინიციატივით. 

მუზეუმი 50 ჰექტარზე გაშლილი და საქართველოს მინიატიურული მოდელია. 11 ზონაზე დაყოფილ სივრცეში ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული და სამუშაო იარაღების ნიმუშებია წარმოდგენილი, სულ 70-მდე ავთენტური საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თითოეული სახლი მშობლიური კუთხისთვის დამახასიათებელი ავთენტური ინტერიერითა და საყოფაცხოვრებო ნივთებითაა გაფორმებული.

მუზეუმს ასევე აქვს არქეოლოგიური ზონა, სადაც წარმოდგენილია V-VI საუკუნეების სიონის ბაზილიკა, აკლდამა და ძვ.წ. II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა