ოფიციალურად მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე დაბაა ზემო სვანეთში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, არაოფიციალურად - მდინარე ენგურის შენაკადების ნაპირებზე, მთების გარემოცვაში გაშლილი საოცარო სამყარო, რომელიც შენ წინ ახალი რეალობის კარს აღებს. ამას მაშინვე მიხვდები, როგორც კი სვანურ კოშკებს დაინახავ.
20-25 მეტრი სიმაღლის ეს დევგმირები ნებისმიერ ზვავსა და მტერს უძლებდა. აქ, ერთმანეთთან ხის კიბეებით დაკავშირებულ ოთხ-ხუთ სართულზე, სვანები ოჯახებით ცხოვრობდნენ, კოშკის თავზე გვირგვინად დადგმულ ბაქანს კი საბრძოლო პლაცდარმად იყენებდნენ.
მესტიაში ბევრია შუა საუკუნეებში აშენებული თავდაცვის, საკულტო და საერო ნაგებობა. ერთმანეთთან მათ ვიწრო ქუჩები და გალავნიანი ეზოები აკავშირებს.
უფრო მეტს მესტიის შესახებ მის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოგიყვებიან. მიუვალი მდებარეობის გამო, საუკუნეების განმავლობაში მესტიაში ქართული საგანძური ინახებოდა. განძის დიდ ნაწილს დღეს სწორედ აქ ნახავ. სვანური ხასიათის შესახებ ბევრს შეიტყობ დიდი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში. „კლდის ვეფხვი“ - ასე უწოდა მას ერთ-ერთი შეჯიბრებისას გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ.
სვანური ხასიათი კარგად ჩანს აქაურ ცეკვებსა და სიმღერებში. მათ გასაცნობად მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს უნდა ესტუმრო. თუმცა სრული შთაბეჭდილებისთვის აუცილებლად დაგჭირდება სვანური გემოების გაცნობა. ეს, ფაქტობრივად, ყველგან შეგიძლია - მესტიის სასტუმროებში, რესტორნებსა თუ გულიანი სვანების ოჯახებში, სიამოვნებით რომ გიმასპინძლებენ.
რომანტიკა რომანტიკად და მესტია ორი უმნიშვნელოვანესი სათხილამურო მიმართულების ადგილია - კურორტ თეთნულდსა და კურორტ ჰაწვალზე სწორედ აქედან ადიხარ და მათზე საუბარი ცალკე, აუჩქარებლად ღირს.
ეს ის კურორტია, სადაც 2022 წელს Freeride World Tour-ის საკვალიფიკაციო ტური გაიმართა. იმდენად ხარისხიანად, რომ ყოველ წელს აქ ჩატარდება. გასაკვირი ეს არ არის, რადგან თეთნულდი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში, სადაც გაუკვალავ თოვლში სრიალია შესაძლებელი.
სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი მთა - თეთნულდი ალპურ ზონაშია. კურორტზე ადის 5 თანამედროვე, სწრაფი საბაგირო მაღალი გამტარუნარიანობით და 13 კმ საერთო სიგრძის 9 სასრიალო ტრასა, რომლებიც საშუალო და კარგად გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაა განკუთვნილი. საბაგიროები 3160 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანს, იქიდან კი 2260 ან 1300 მეტრიდან თავისუფალი სრიალით დაეშვები.
„ფრირაიდი“ თეთნულდზე კარგია იმითაც, რომ დაშვების, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობა აქვს. აქ გაუკვალავ თოვლში სრიალი ტრასებს შორისაც შეიძლება, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი მთიდან სოფლებში დაშვებაა. წარმოიდგინე, მაღალი ხარისხის თოვლში სრიალებ და პირდაპირ კერძო სასტუმროს კართან ჩერდები. ერთ დღეში ასეთი რამდენიმე დაშვება შეგიძლია, მულახისა და ადიშის სოფლების მიმართულებით.
დასაშვებად უფრო მეტი სიმაღლის აკრეფას შეძლებ, თუკი სკიტურს დაგეგმავ. თეთნულდი 4852 მეტრი სიმაღლისაა და მის მწვერვალთან მიახლოება საბაგიროს ზედა სადგურიდან სწორედ სკიტურითაა შესაძლებელი. დაშვება თეთნულდის ფერდზე ხდება, რაც შენ თვალწინ კავკასიონის სასწაულ ხედებს გადაშლის.
საბაგიროები, რომლებიც თეთნულდზე აგიყვანს, მესტიის სიახლოვესაა. ღამის გათევა მესტიაში ან მიმდებარე სოფლებშია შესაძლებელი. საკუთრივ თეთნულდზე სასტუმრო არ არის, თუმცა მუშაობს კვების რამდენიმე ობიექტი. კარგი იქნება, თუკი საბაგიროს სალაროში მრავალდღიან აბონემენტს შეიძენ, მის გამოყენებას საქართველოს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების საბაგიროებზეც შეძლებ, მაგალითად, ჰაწვალზე, რომელიც არანაკლებ სიამოვნებას გპირდება.
ჰაწვალი აქტიური დასვენებისთვის ზამთარშიც კარგი არჩევანია და ზაფხულშიც. საბაგიროს ზედა სადგურთან, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრ სიმაღლეზეა, არის კაფე „ზურულდი“. მისი ტერასიდან ისეთი ხედები იშლება, არასდროს რომ არ დაგავიწყდება. ამიტომ ამ კაფეს ყოველთვის ბევრი ვიზიტორი ჰყავს.
ზაფხულში ჰაწვალი ფეხით სეირნობის, ლაშქრობის, პიკნიკების, მთიდან ველოსიპედებით დაშვების, პარაპლანით ფრენის ადგილია. კაბინებიანი საბაგირო, რომელიც აქ მუშაობს, მწვერვალზე ველოსიპედსაც აიტანს და ნებისმიერ მოწყობილობასაც. მწვერვალიდან მიმდებარე სოფლებსა და მესტიაში დაეშვები, პარაპლანით დაბაში ჩაფრინდები და ამ ყველაფერს სვანეთის ულამაზესი ხედების, იალბუზის, უშბის, სვანური კოშკების ფონზე გააკეთებ.
ეს ყველაფერი კი - დასვენება „ზურულდში“, მწვერვალიდან მიმდებარე სოფლებში დაშვება, არაჩვეულებრივი ხედები ირგვლივ - ძალაშია ზამთარშიც. აქ, ჯამში, 5 495 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასაა და ჩათვალე, რომ განსაკუთრებით გაგიმართლა, თუკი გაუკვალავ თოვლში სრიალი გიყვარს. ჰაწვალი „ფორესტ ფრი რაიდის“ - ტყეში გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობას გაძლევს. აქაურ ხშირ ნაძვნარში თოვლი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ ხარისხს, შესაბამისად, სრიალი დაუვიწყარი ხდება.
ჰაწვალზე ორი საბაგირო აგიყვანს სავარძლიანი და გონდოლიანი კაბინით. აქ მუშაობს ორი რესტორანი - საბაგიროსთან და საბაგიროს თავზე. ჰაწვალზე სასტუმრო არ არის, შესაბამისად, ღამის გათევას მესტიის სასტუმროებსა და მიმდებარე სოფლების ოჯახურ სასტუმროებში შეძლებ.
თეთნულდი, სვანური ლეგენდის მიხედვით, გაქვავებული პატარძალია, რომელიც მუდმივად თავის ასევე გაქვავებულ სატრფოს - მწვერვალ უშბას უყურებს. ლეგენდა გვიამბობს, რომ თეთნულდი და უშბა სხვადასხვა სოციალური ფენებიდან ყოფილან და, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ჰყვარებიათ, ოჯახები მათი ურთიერთობის წინააღმდეგ წასულან. ერთ დღესაც გაწბილებულ თეთნულდს თეთრი საქორწილო კაბა ჩაუცვამს და ღმერთს შევედრებია, - თუკი მე და უშბას ერთად ყოფნა არ გვიწერია, მთებად გვაქციე და ისე ქენი, რომ სულ ერთმანეთს ვუყურებდეთო. ასე გაჩენილან სვანეთის კავკასიონზე ულამაზესი მწვერვალები - თეთნულდი და უშბა.
უშბა ორთავიანი მწვერვალია. მისი სამხრეთი მწვერვალი ზღვის დონიდან 4700 მეტრს აღწევს, ჩრდილოეთი კი - 4690-ს. პალეოზოური გრანიტითა და ფიქლებით აგებული მწვერვალი მესტიიდან 10 კმ-შია. მისი ფერდობებიდან ორი ულამაზესი მყინვარი ეშვება - უშბის მყინვარი და გულის მყინვარი. გამორჩეული სილამაზისა და მიუდგომლობის გამო, უშბა განსაკუთრებით საინტერესოა მთამსვლელებისთვისაც.
ტექნიკური თვალსაზრისით, მისი ჩრდილოეთი მწვერვალი შედარებით ადვილი დასალაშქრია, ვიდრე სამხრეთი, თუმცა მისი დაპყრობა არც ისე მარტივი გამოდგა ინგლისელი ალპინისტებისთვის, რომლებმაც უშბაზე ასვლა 1868 წელს განიზრახეს. ეს მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1888 წელს, მეოთხე ცდაზე მოახერხა მეორე ინგლისურმა ჯგუფმა. რაც შეეხება უშბის სამხრეთ მწვერვალს, ის მხოლოდ მეთექვსმეტე ცდაზე დაიპყრო გერმანია-შვეიცარიის გუნდმა.
1943 წელს ავიდა უშბაზე ქართველთა პირველი ჯგუფი. მის შემადგენლობაში იყო ალექსანდრა ჯაფარიძე - პირველი ქალი მთამსვლელი, რომელმაც უშბის პიკი დალაშქრა. ოთხი წლის შემდეგ ურთულეს სამხრეთ უშბაზე ავიდა ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი. დღეისთვის უშბის ამ ნაწილში 19 მარშრუტია გავლილი და მათ შორის 7 ურთულესი - 6A კატეგორიისაა. იგივე კატეგორიის 4 მარშრუტია ჩრდილოეთ უშბაზე, სადაც მთლიანობაში 13 მარშრუტია გავლილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ, თუკი მთამსვლელობა გიყვარს, უშბა არა მარტო შორიდან, ძალიან ახლოდანაც შეგიძლია ნახო.
გრანიტისა და კლდოვანი ფიქლისგან აგებული შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5203 მეტრს შეადგენს. შხარა სვანურად „ცხრას“ ნიშნავს - სწორედ ამდენი მწვერვალი აქვს ამ მთას და მათზე ასასვლელად არ არსებობს იოლი გზა, მარტივი ან საშუალო დონის მარშრუტები, მათი სირთულე, საშუალოდ, 5A-6A ქულით ფასდება.
პირველი ასვლა შხარაზე 1888 წელს მთამსვლელების შვეიცარიულ-ბრიტანულმა გუნდმა ჩრდილო კავკასიის მხრიდან განახორციელა. უპრეცედენტო ტრავერსით დალაშქრეს შხარა 1940 წელს ქართველმა მთამსვლელებმა, ქართველებმა განახორციელეს, აგრეთვე, პირველი გადასვლა შხარის სამხრეთ ფერდიდან მთავარ მწვერვალამდე 1950 წელს, რაც ახლა კლასიკურ მარშრუტად მიიჩნევა.
1960 წლიდან ქართველმა მთამსვლელებმა შხარის დასავლეთ და ცენტრალურ მწვერვალებამდე რამდენიმე ახალი მარშრუტი გაკვალეს, თუმცა ეს ათწლეული ტრაგიკულიც აღმოჩნდა - 1963 წელს შხარის მთავარი მწვერვალიდან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი მთამსვლელი და ფოტოგრაფი, 31 წლის გურამ თიკანაძე.
უმაღლესი, 6B კატეგორიითაა შეფასებული ზამთრის გრანდიოზული ტრავერსი ლიალვერიდან შხარამდე, რომელიც 2014 წელს შეასრულა მთამსვლელების გუნდმა სანქტ-პეტერბურგიდან. იგივე, 6B კატეგორია მიენიჭა პირველ ზამთრის ასვლას შხარის უმაღლეს მწვერვალზე 2018 წელს. კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, როგორც მას უწოდებდნენ, ქართველმა მთამსვლელებმა დაძლიეს. ამ მარშრუტის გავლას, ასვლიდან დაშვებამდე, 13 დღე დასჭირდა.
შხარა ლამაზია, მაგრამ მკაცრი, თუმცა, პროფესიონალ გამყოლთან ერთად, მის დალაშქვრასაც შეძლებ. მთავარია, ამის სურვილი გქონდეს.
შხარის კალთებზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება - უშგულია გაშენებული, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. უშგული არა რომელიმე კონკრეტული სოფელის, არამედ 5 პატარა სოფლისგან შემდგარი თემის სახელია. სწორედ ამ პატარა სოფლებიდან დაწყებულ ბილიკებს მივყავართ კავკასიონის დიდ მწვერვალამდე.
იმის გამო, რომ უშგულამდე მიმავალ გზებზე გავლა წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი, იქამდე მტერი ვერ აღწევდა.
ამბობენ, რომ უშგულის სახელი მოდის სიტყვებიდან „უშიშარი გული“, სწორედ ისე როგორც ამ უბატონო თემს და მის მკვიდრთ უწოდებდნენ.
ფანტასტიკური ხედების გარდა, უშგულის თემის სოფლებში ნახავ: სვანური კოშკების სიმრავლეს და არაჩვეულებრივ სვანურ არქიტექტურას, საკულტო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით, ლამარიას - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, თამარ მეფის დროს აშენებული ციხესიმაგრის ნანგრევებს.
მისი უნიკალური არქიტექტურის დამსახურებით, უშგული “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
თვალს წყალს რომ დაალევინებ, ხემსზეც იფიქრე - ეს ცალკე თავგადასავალია. შეუძლებელია სვანური სამზარეულო არ მოგეწონოს. მისი ეგზოტიკური გემოები კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ უშგული - სვანეთის ეს უკიდურესი წერტილი, მოგზაურობის რუკაზე აუცილებლად უნდა მოინიშნო.
ის ზღვის დონიდან 3200 მეტრ სიმაღლეზეა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან. მასთან მისასვლელად ჩუბე ხევის მიმდებარედ აღმართულ მწვერვალ ცალგმილს აღმოსავლეთით უნდა გაუყვე. იქ, ყინულით დაფარულ მთებს შორის არის მოქცეული ტბა, რომელიც ძირითადად გაყინულია.
150 მეტრი სიგრძისა და 50 მეტრი სიგანის ყინულის ტბის ფართობი 5300 კვ.მეტრია. თავზე მას კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი იალბუზი და უშბა დაჰყურებს. ამ ულამაზესი სანახაობით წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლია ისიამოვნო, თუმცა აჯობებს, ზაფხულში ახვიდე, რომ ფერების ცვალებადობით დატკბე.
ოქროწყლის დიდი და პატარა ტბები ჭუბერის თემშია. დიდი ტბა ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, პატარა - ზღვის დონიდან 2700 მეტრზე. გზა ამ ტბებამდე სოფელ ლახამიდან იწყება და ორმელეთის ხეობას გადის. 25 კმ-იან სამანქანო გზას საფეხმავლო ბილიკი ცვლის. დაახლოებით 7-8 კმ-ის გავლა ბალახებსა და ტყეში გიწევს, თუმცა ღირს - წინ სასწაულია.
პირველი ოქროწყლის დიდი ტბა გამოჩნდება. დღის განმავლობაში ის ფერს რამდენჯერმე იცვლის, ხან მწვანეა, ხან - ლურჯი, ხან - ფირუზისფერი. დაახლოებით 2,5 კმ-ში ოქროწყლის პატარა ტბაა - ძალიან ახლოს ოკუპირებულ აფხაზეთთან. გზად უმშვენიერესი ჩანჩქერიც შეგხვდება.
საოცარი ლეგენდებით მდიდარ სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ლეგენდა სიყვარულის კოშკს უკავშირდება. ეს კოშკი მესტიიდან უშგულისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე ენგურის პირას, დიდ ლოდზეა აშენებული. კოშკი სამსართულიანია და ამ სართულებს ერთმანეთთან ციცაბო კიბეები აკავშირებს.
ლეგენდის მიხედვით, ეს სვანი დიდგვაროვნის, მშვენიერი მიაგულ პირველის კოშკია. კვირიკობის სახალხო ზეიმზე ის განთქმულ მონადირეს, ოტია მარგველანს შეხვედრია და შეჰყვარებია. ვაჟსაც შეჰყვარებია ქალი, მაგრამ ცოლ-შვილი ჰყოლია და მიაგულს მისი ოჯახის დანგრევა არ უსურვებია. დამწუხრებული ოტია სანადიროდ წასულა და ქარაფიდან ენგურში გადავარდნილა. ქმრის სიკვდილს ცოლი ვერ შეჰგუებია და ენგურში გადამხტარა. ცოლ-ქმარი კალმახებად გადაქცეულა. დარდით გულმოკლულ მიაგულს მამისთვის ენგურში კოშკის აგება უთხოვია, იქ დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი ხელით აჭმევდა თურმე მდინარის კალმახებს.
სვანები გეტყვიან, რომ, როცა ენგურში წყალი იკლებს, კლდის ქვეშიდან სუფთა წყალი ამოჩქეფს და ეს მიაგულის ცრემლებია.