KA
2024-12-15T03:15:39.000000Z
10 ყველაზე ლამაზი ტბა საქართველოში

10 ყველაზე ლამაზი ტბა საქართველოში

საქართველოში არ არსებობს მხარე, სადაც ერთ ტბას მაინც ვერ წააწყდები. ზოგ მათგანს ფერი გამოარჩევს, ზოგს — მის ირგვლივ გადაშლილი ხედები, ზოგიერთზე კი იმასაც ამბობენ, მის ძირში ოქროს აკვანი დგასო.
სარჩევი

მართალია, ამ ბლოგში ლეგენდებზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ისეთ 10 ტბაზე მოგიყვები, რომელთა ნახვისას შესაძლოა, თავი მართლაც ზღაპარში იგრძნო.

1. პალიასტომის ტბა

პალიასტომის ტბა ერთდროულად ლამაზისა და საინტერესოს სინთეზია. პეიზაჟები, რომლებიც ამ ტბის ნაპირიდან თუ მასზე ნავით სეირნობისას იშლება, მართლაც დაუვიწყარია. ტბა სამეგრელოსა და გურიაში მდებარეობს და კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილია, სადაც განსაკუთრებულ ფლორა-ფაუნას შეხვდები. პალიასტომის ტბა იდეალური ადგილია ველურ ფრინველებზე დასაკვირვებლადაც.

2. მწვანე ტბა

კიდევ ერთი ტბა, რომელიც სილამაზითაც გამოირჩევა და ველური ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვისაც საინტერესო დანიშნულების ადგილია, მწვანე ტბაა. ის აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. წყალს მწვანე ელფერი მის მახლობლად მდებარე წიწვოვანი და წიფლის ხემცენარეების გამო აქვს. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ საპიკნიკედ, სალაშქროდ და წყლის ველოსიპედებით გასეირნებისთვის. 

3. ტობავარჩხილის ტბა

ტობავარჩხილის ტბა, იგივე ვერცხლის ტბა, ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, რომლებსაც საინტერესო მითებს უკავშირებენ. თოვლიანი კლდეებით გარშემორტყმული ტბა სარკესავით ირეკლავს ლურჯ ცასა და ღრუბლებს, რომლებისგანაც ერთი ხელის გაწვდენა გაშორებთ. ტობავარჩხილი სამეგრელოში მდებარეობს და ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა.

4. რიწის ტბა 

რიწის ტბა ყველაზე ღრმა ტბაა საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში. თუმცა ეს მისი ერთადერთი განმასხვავებელი თვისება არაა. ის წელიწადის დროების მიხედვით ფერს იცვლის. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში კი - მოცისფრო-მოლურჯო. ტბის სილამაზეს, მრავალფეროვნების გარდა, მის გარშემო შემოჯარული მთებიც განაპირობებს. რიწის ტბა გაგრაში, მდინარე ბზიფის აუზში მდებარეობს.  

5. გაბზარული ტბა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში უჩვეულო ბუნების ძეგლი, გაბზარული ტბა მდებარეობს. ის ფართო ნაპრალის ფსკერზეა, რომელიც ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ნაპრალის სიღრმე ტბის ზედაპირამდე 25 მეტრია და იქ ჩასვლა სპეციალური აღჭურვილობითაა შესაძლებელი. გაბზარული ტბა ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.

6. უძირო ტბა 

სილამაზე, რომელიც რაჭაში, უძირო ტბაზე დაგხვდება, რთულია, სრულყოფილად აღწერო. ტბა მწვანე მინდვრებს, კლდეებსა და თეთრ მწვერვალებს ირეკლავს, რის გამოც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე. ტბიდან იშლება ხედები კავკასიონზე, გარშემო კი ალპური მინდვრებისა და ყვავილების სურნელი ტრიალებს. 

7. ფარავნის ტბა

ფარავნის ულამაზესი ტბა

რთულია, ამოარჩიო ყველაზე ლამაზი ტბა, როცა საქმე სამცხე-ჯავახეთს ეხება, თუმცა ამჯერად ფარავნისკენ გაგიძღვები. გარდა იმისა, რომ ულამაზესია, ეს ტბა ფართობითაც ყველაზე დიდია საქართველოში. ფარავანზე, რომელიც ნებისმიერ სეზონზე განმაცვიფრებელ პეიზაჟებს ხატავს, ნამდვილად ბევრია სათქმელი, თუმცა თუ ჯერ კიდევ არ იცი, რატომ უნდა ესტუმრო მას, გეტყვი, რომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე აქ შეგიძლია ფრინველების გადაფრენას დააკვირდე, ზამთარში კი ნახო, როგორ იყინება მისი ზედაპირი.

8. ბატეთის ტბა

ეს ტბა განსაკუთრებულად ლამაზი შემოდგომაზეა, როცა ტბას ირგვლივ ფერად-ფერადი ხეები შემოერტყმება და ტბის ზედაპირზევე აირეკლება ცის, ღრუბლებისა და ფოთლების ნაზავი. მისი ერთი ნაწილი დაჭაობებულია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ტბის მიმზიდველობას. ბატეთის ტბა იმითაც გამოირჩევა, რომ აქ წითელ წიგნში შეტანილი, მცირეაზიური ტრიტონი ბინადრობს.

9. შავი კლდეების ტბა 

შავი კლდეების ტბა მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია. ის კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს და აქ მისასვლელად ფეხით ან ცხენით ლაშქრობაა საჭირო. ტბისა და მისი მიმდებარე ლანდშაფტის მიმზიდველობის გარდა, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ტბამდე მისასვლელი მარშრუტიც, სადაც შესაძლოა, ველური ცხოველები და ფრინველები - ირემი, არჩვი, ჯიხვი, როჭო, კავკასიური შურთხი და ბატკანძერი შეგხვდეს.

10. ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა რამდენიმე მიზეზითაა გამორჩეული — ხედები, ლანდშაფტი, წყლის სამკურნალო თვისებები და ლეგენდები, რომლებიც ტბის შესახებ ხალხში საუკუნეებია, გავრცელებულია. ბაზალეთის ტბა მუდმივად იზიდავს ტურისტებს. ის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაღალ მთებს შორის მდებარეობს და წლის ნებისმიერ დროს მასპინძლობს სტუმრებს. აქაურობა გამორჩეული და დასამახსოვრებელია სუფთა ჰაერით და დაუვიწყარი ხედებით მზის ჩასვლისას და ამოსვლისას. 

დაბოლოს, რა თქმა უნდა, არცერთი სია არ იქნება საკმარისი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მარგალიტებივით გაბნეული ტბების თავმოსაყრელად და მათი სილამაზის აღსაწერად. თითოეული მათგანი — დიდი თუ პატარა, მთისა თუ ბარის – თავისი უნიკალური ხასიათით გამოირჩევა. ასე რომ, აღმოსაჩენი კიდევ ბევრია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა