KA

ველოტური: საგარეჯო-ჟინვალის წყალსაცავი

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და ეს მხარე მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ძეგლებს, უძველეს ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების საინტერესო და გამორჩეულ ტაძრებს, შთამბეჭდავ ციხესიმაგრეებსა და გასაოცარ ბუნებას აღმოგაჩენინებს. თუ ექსტრემალური სპორტი და ველოსიპედით სეირნობა გიზიდავს, ეს ადგილი განსაკუთრებულ თავგადასავალს შემოგთავაზებს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
საგარეჯო

დღე პირველი

თბილისიდან საგარეჯოსკენ მიმავალ გზას მანქანით გაივლი. საგარეჯოდან კი ველოსიპედით გეზს დავითგარეჯისაკენ აიღებ და მოასფალტებული გზა 5-6 საათში სამონასტრო კომპლექსთან მიგიყვანს. 

დავითგარეჯი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რელიგიურ-კულტურული ცენტრია. სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში ასურელ მამას, დავითს დაუარსებია. აქ დღესაც ცხოვრობენ ბერები. ხედები, რომლებიც მონასტრიდან იშლება, წარმოუდგენლად ლამაზია. დავითის ლავრის მონახულების შემდეგ მანქანით ჩალაუბნის გავლით სიღნაღში ჩახვალ.

დღე მეორე

ეს დღე სიღნაღს უნდა დაუთმო, რადგან აღნიშნული ქალაქი ცნობილია ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებიანი სახლებითა და განსაკუთრებული სილამაზით.

სიღნაღიდან ხელისგულივით მოჩანს დათოვლილი კავკასიონი, ალაზნის უზარმაზარი ველი და VI საუკუნის ალავერდის დიდებული ტაძარი. ახლოსაა ბოდბის დედათა მონასტერიც, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული. ამ მონასტერში მაკურნებელი წყაროც მოედინება.  

სიღნაღიდან გზას ლაგოდეხისკენ დაადგები. ველოსიპედით მანძილს 4-5 საათში დაფარავ.

დღე მესამე 

ლაგოდეხში შეგიძლია დაცული ტერიტორიები მოინახულო ან მანქანით ახმეტისაკენ განაგრძო გზა. 1,5-საათიანი მგზავრობის შემდეგ ველოსიპედით ჟინვალის წყალსაცავისაკენ გაემართები. 55-კილომეტრიან მანძილს 6 საათში დაფარავ და ულამაზესი ბუნების ხილვის შესაძლებლობაც გექნება. ღამის გათევას კი „არაგვის სათავგადასავლო ცენტრის“ კოტეჯებში შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა