KA

ფრირაიდი გუდაურში

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური თხილამურების მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აქტიური დასვენების მსურველები აქ სათხილამურო ტრასებზე სრიალსაც შეძლებენ და გაუკვალავ თოვლშიც. გუდაური საინტერესოა იმითაც, რომ დაშვებისთვის სასურველი სიმაღლის ასაღებად აუცილებელი არ არის ძვირად ღირებული სერვისის, ჰელისკის პაკეტის შეძენა - 3000 მეტრ სიმაღლეზე საბაგიროს აჰყავხარ. ტრანსპორტის დაქირავება არც სრიალის შემდეგ უკან დასაბრუნებლად დაგჭირდება, რადგან იმ ტერიტორიაზე დაეშვები, სადაც საბაგირო ფუნქციონირებს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
გუდაური

ფრირაიდის გუდაურის მარშრუტები

გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ გუდაურის ჩრდილოეთი ფერდია შესაფერისი. აქედან ეშვები ყაზბეგის მხარეს, კობის თემში. 

საბაგირო არის კობშიც, მისი საშუალებით ისევ მაღლა ადიხარ და ახლა კობის თემის სხვა სოფელში ეშვები. დღის განმავლობაში შეგიძლია რამდენიმე ასეთი დაშვება განახორციელო. 

დაშვება შესაძლებელია ბიდარის მთიდანაც. 

თოვლის საფარი კარგია, გარემო კი - მშვენიერი. 

რა უნდა გაითვალისწინო

ვინც თხილამურებზე დგას, იცის, რომ ფრირაიდი გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაა. თუმცა, როგორი გამოცდილიც არ უნდა იყო, დაშვება მხოლოდ სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმო. ადგილობრივმა, კვალიფიციურმა გიდებმა ყველაზე კარგად იციან აქაური მთების სპეციფიკა და ზვავსაშიში უბნები. 

აუცილებელია, კარგად იყო აღჭურვილი, გქონდეს ფრირაიდისთვის საჭირო თხილამურები და საზვავო აღჭურვილობა. 

პროფესიონალი გამცილებლის აყვანა გამართლებულია იმითაც, რომ სასრიალოდ გასვლამდე ის შეადგენს მარშრუტებს კონკრეტული ჯგუფებისთვის, მისი წევრების ფიზიკური შესაძლებლობების, ამინდის, თოვლის მდგომარეობისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების გათვალისწინებით.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა