KA
2024-12-12T19:54:14.000000Z
9 საინტერესო ადგილი ფოტოს გადასაღებად საქართველოში

9 საინტერესო ადგილი ფოტოს გადასაღებად საქართველოში

საქართველოს ყველა მხარეში იპოვი ისეთ შთამბეჭდავ ადგილებს, რომლებიც იმსახურებს ფირზე აღბეჭდვას, მაგრამ, თუ ამ მხრივ რჩევა მაინც გჭირდება, იმ ადგილებს ჩამოგითვლი, სადაც არა მხოლოდ ლამაზ ფოტოს გადაიღებ, არამედ ფოტოთი საინტერესო ამბავსაც მოჰყვები.
სარჩევი

სვანეთი

უშგული - საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარის ძირში მდებარე ამ სოფელში შუა საუკუნეებში აგებულ, ცამდე აზიდულ კოშკებს ნახავ და ზღაპრულ კადრებს გადაიღებ. 

სვანეთში ასევე საოცრად ფოტოგენური ადგილებია: პატარა სოფელი ჰეშკილი, რომელიც მესტიიდან 6 კმ-შია და ლაილას მწვერვალზე ჯადოსნური ხედები იშლება;

ქორულდის ტბები, საიდანაც თეთნულდის მწვერვალი, ბანგურიანისა და ზურულდის მთები მოჩანს; 

შდუგრას ჩანჩქერი, რომელიც საქართველოში ყველაზე წყალუხვია.

ჩაჟაში - ეს სოფელი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაშია შესული. კომპლექსი მოიცავს: 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 საცხოვრებელსა და ათზე მეტ დამხმარე ნაგებობას. აქ ფოტოსთვის შთამბეჭდავ კადრს ნებისმიერ წერტილში შეარჩევ.  

თუშეთი

თუშეთი

ულამაზესია თუშეთისკენ მიმავალი გზა - აბანოს უღელტეხილი, რომელიც ომალოში ადის და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა გახსნილი. ივნისში, როცა პირველი ალპური ყვავილები იწყებს ამოსვლას და მინდვრები აფერადდება, ფოტოს გადასაღებად უკეთეს ფონს ვერც ინატრებ. თანაც ეს ის უღელტეხილია, რომელიც 2013 წელს ტელეკომპანია  BBC-მ ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების სიაში შეიტანა.

ზღაპარს ჰგავს სოფელი დართლო, რომელიც ომალოდან 15 კმ-ით არის დაშორებული.  გარდა ამისა, დართლოში ერთი უნიკალური ადგილია, სადაც 12 ქვის სავარძელი დგას - ეს შუა საუკუნეების 12 ნაფიცი მსაჯულის სასამართლოა, სადაც XVII საუკუნის მიწურულს მთავარი მოსამართლე ქალი იყო. 

თუშეთში აუცილებლად უნდა გადაიღო ფოტო სოფელ ბოჭორნაში - ეს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული წერტილია.

წინანდლის მამული

წინანდლის მამულში ეს ულამაზესი სასახლე ქართველმა რომანტიკოსმა მწერალმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნეში ააგო. მან დეკორატიული ბაღის მოწყობაზე განსაკუთრებით იზრუნა და ლანდშაფტის დიზაინერები ევროპიდან ჩამოიყვანა. 

სასახლის მდიდრული არქიტექტურა, დღეს უკვე მუზეუმად ქცეული პარკი უძველესი ხემცენარეებითა და საგანგებოდ გაშენებული სიყვარულის ხეივნით იდეალური ფონი იქნება ფოტოებისთვის.

წინანდლის მამული წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ის თელავიდან 10 კმ-ში მდებარეობს. 

საბადურის ტყე

საბადურის ტყე თბილისიდან 20 კილომეტრში, მცხეთა-მთიანეთში მდებარეობს და თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაში შედის.

ამ ადგილზე განსაკუთრებულად ჯადოსნურია შემოდგომა - წიფლისა და მუხის ხეები შეყვითლებული ფოთლებით, რომლებშიც ჯერ კიდევ აღწევს მზის სხივები. ზამთარში კი აქ თეთრ ზღაპარში მოხვდები - მთელი ტყე საგანგებოდ დადგმულ ზამთრის დეკორაციას ემსგავსება.

ქუთაისი 

ქუთაისი

ეს ქალაქი ტურისტებს ბევრი მიზეზით იზიდავს - კულტურული წარსულით, უნიკალური ტაძრებითა და ლამაზი ბუნებით. თუ მოწამეთაზე ახვალ, რომელიც ხუროთმოძღვრული კომპლექსია და ქუთაისიდან 6 კმ-ით არის დაშორებული, ქალაქზე საოცარ ხედებს იხილავ.

ქუთაისში ტრადიციას ნუ დაარღვევ და თეთრ ხიდზე პიკასოს ბიჭთან ფოტოს გადაღების გარეშე ნუ ჩაივლი.

რაჭა

რაჭა

დასავლეთ საქართველოში მდებარე რაჭა ბუნების მშვენებაა. თუ აქ შემოდგომაზე ჩახვალ, ყვითელი ფოთლებით აფერადებულ გარემოში საოცარ ფოტოებს გადაიღებ.  განსაკუთრებით კი - ნიკორწმინდის ტაძართან, მრავალძალის ტაძართან, უძირო ტბასთან, შაორის სანაპიროზე ან ზნაკვის ჩანჩქერთან.

გურია - გომისმთა

გურია გომისმა ზამთარში

გომისმთიდან გადაღებული ფოტოები არაერთხელ დაბეჭდილა უცხოურ გამოცემებში - გურიის ამ კურორტზე ისეთ სიმაღლეზე ხარ, რომ ღრუბლები შენი ფეხის წვერთან იწყება. გომისმთიდან მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა კი ფილმის კადრს ჰგავს - ამ სანახაობისთვის იქ საგანგებოდ ადიან.

გერგეტის სამება

ეს ულამაზესი ტაძარი, რომელიც XIV საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლია, სტეფანწმინდაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, რითაც ის სრულიად უნიკალურია. გარს შთამბეჭდავი ბუნება აკრავს, მის უკან კი დიდებული მყინვარწვერია აღმართული - საქართველოდან ასეთი ფოტო აუცილებლად უნდა იყოს შენს ალბომში.

თბილისი

თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქალაქის ისტორიული უბანი -  ძველი თბილისი კი ის ადგილია, სადაც ლამაზ და შინაარსიან ფოტოს ყოველ ნაბიჯზე გადაიღებ. სწორედ ამ უბანშია თავმოყრილი თბილისის ისტორიული ღირსშესანიშნაობების უმეტესობა, ფერადაივნებიანი სახლები, თამადის ქანდაკება, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად ნახავ, თბილისური არტ-ნუვოს სტილის შენობები იმპოზანტური ფასადებითა და მდიდრულად მოხატული სადარბაზოებით, რომლებსაც საკუთარი ემოციური ისტორიები აქვს.  

თუმცა ემოციის ობიექტი ამ ლამაზ, პატარა და მრავალფეროვან ქვეყანაში შენთვის შეიძლება სულ სხვა რამ აღმოჩნდეს, მით უფრო, როცა საკუთარი ფოტოალბომისთვის გინდა კადრის შერჩევა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა