KA

ჰელისკი გუდაურში

გაუკვალავ თოვლში სრიალის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სახეობას - ჰელისკის საქართველოში ფართო შესაძლებლობები აქვს. აქ ბევრი მწვერვალი, სხვადასხვა მარშრუტი და გაუკვალავი თოვლით დაფარული ბევრი ადგილია. აქ შეძლებ, დღის განმავლობაში იმდენჯერ დაეშვა არჩეული ადგილიდან, რამდენის სურვილიც გექნება. ასეთ შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად, კურორტი გუდაური. შესაბამისი კომპანიები უზრუნველგყოფენ ლიცენზირებული გამყოლით, წინასწარ შეგირჩევენ მწვერვალების ფერდებს, ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, სასრიალო ტრაექტორიასა და ტურის დასრულების ადგილმდებარეობას.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
გუდაური

სად მდებარეობს გუდაური

გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტია ცენტრალური საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. 

ის თბილისიდან 120 კილომეტრშია და საქართველოს სამხედრო გზასთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

მარშრუტი

გუდაური გარშემორტყმულია მრავალფეროვანი მთებითა და მწვერვალებით, რომლებიც სიმაღლით, დახრილობითა და თოვლის რაოდენობით ერთმანეთისგან განსხვავდება.

თოვლის უსაფრთხო კონდიციიდან გამომდინარე, ჰელისკის სეზონი იანვრის მეორე ნახევარში იხსნება და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება. მოთხილამურეები ისეთი მწვერვალების ფერდებიდან ეშვებიან, სადაც თოვლი სრულიად ხელუხლებელია. ჯგუფი გუდაურსა და სტეფანწმინდაში დაბინავდება, სადაც ბევრი კეთილმოწყობილი მაღალი სტანდარტის სასტუმრო და კვების ობიექტია. ჰელისკით სრიალი დილაადრიან იწყება და იმის მიხედვით სრულდება, რამდენი დაშვებაც აქვს განსაზღვრული მოთხილამურეს. ერთ დღეში სხვადასხვა მთიდან არაერთი დაშვების განხორციელებაა შესაძლებელი. 

რა უნდა გაითვალისწინო

ჰელისკის ტურის დასაჯავშნად საჭიროა წინასწარ დაუკავშირდე სასურველ კომპანიას და შენზე მორგებული პაკეტი შეიძინო. 

შეგიძლია, შეიძინო როგორც სრული (აეროპორტში დახვედრით, სასტუმროს დაჯავშნით, კვებით უზრუნველყოფით, აღჭურვილობითა და მომარაგებით), ისე მხოლოდ სასრიალო პაკეტი (ამ შემთხვევაში კომპანია შენს მომსახურებას გუდაურიდან იწყებს). ჰელისკის ტურის დაჯავშნის შემდეგ გაივლი შესაბამის სწავლებას, ვერტმფრენთან მოქცევისა და საზვავო უსაფრთხოების წესების ჩათვლით, და სატესტო დაშვებას. ამით გამყოლი აფასებს შენს შესაძლებლობებს და არჩევს მარშრუტებს, რომლებზე დაშვებაც ჯგუფის მონაცემებს მიესადაგება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა