KA

კოვიდ-19 : საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რეკომენდაციები

2021 წელს, როდესაც მსოფლიოში კოვიდპანდემია მძვინვარებდა, საქართველოში შემოსასვლელად საჭირო იყო კოვიდვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა 2022 წლის 14 ივნისიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოსულ ნებისმიერ პირს მოეხსნა ვალდებულება, წარადგინოს ეს დოკუმენტი ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ასევე გაუქმდა თვითიზოლაციის ვალდებულება.

თუკი კოვიდი დაგიდასტურდათ

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი საქართველოში ვიზიტის დროს არასასურველი სიმპტომები გამოგივლინდათ და ეჭვობთ, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ით დაინფიცირდით.

უპირველეს ყოვლისა, ვალდებული ხართ, თავად გადახვიდეთ თვითიზოლაციაში, რადგან კოვიდსასტუმროები საქართველოში აღარ ფუნქციონირებს.

შემდეგ წახვიდეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სწრაფ (პასუხი 20-30 წუთში იქნება) ან პისიარ (PCR) (პასუხი 8-დან 24 სთ-ში) ტესტს გაიკეთებთ. ვინაიდან ტესტირების უფასო პროგრამა ქვეყანაში აღარ მოქმედებს, თავად მოგიწევთ თანხის გადახდა, რაც საშუალოდ 60-იდან 150 ლარამდეა.

კოვიდტესტების გაკეთება საქართველოს დედაქალაქის მრავალ სამედიცინო დაწესებულებასა და რეგიონულ საავადმყოფოებშია შესაძლებელი.

იმისთვის, რომ ახლომდებარე საავადმყოფოს ან ამბულატორიის მოძებნა გაგიადვილდეს, სადაც ტესტის გაკეთებას შეძლებ, ან კოვიდთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოიძიებ, შეგიძლია ესტუმრო საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ საიტს: Stopcov.ge  – ამ ბმულზე ნახავ ყველაფერს: საჭირო მისამართებს, საკონტაქტო ნომრებს, ცნობებს იმ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, სადაც ტესტირებაა შესაძლებელი როგორც თბილისში, ისე  ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში.

საქართველოში არსებობს ტესტის ბინაზე გამოძახების მომსახურებაც. თუკი ვერ შეძლებ ან არ გსურს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა, შეგიძლია კლინიკებს დაუკავშირდე და ტესტის გასაკეთებლად შენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მოგაკითხავენ. ტესტის გაკეთების ღირებულება 60-იდან 150 ლარამდეა და პასუხის მიღებას 8-დან 24 საათში შეძლებ.

112

იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირების შედეგად კოვიდ-19 დაგიდასტურდება, ვალდებული ხარ, თვითიზოლაციაში გადახვიდე და მაშინვე დარეკო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში (ამ ნომერზე დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასოა) ან შეავსო ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებგვერდზე: er.moh.gov.ge.

112-ში დარეგისტრირებისთანავე ინფორმაცია დამუშავდება და ოჯახის ექიმს გადაეცემა, რომელიც თავად დაგიკავშირდება და სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევს მკურნალობასთან ან საჭირო კვლევებთან დაკავშირებით.

1505  

1505 - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია. ჯანმრთელობასთან, მათ შორის კოვიდ-19-თან დაკავშირებით შექმნილ ნებისმიერ პრობლემაზე შეგიძლია ამ ნომერზე დარეკო (ზარი ამ შემთხვევაშიც უფასოა) და კვალიფიციური ოპერატორები ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან.

თუ კოვიდგადატანილის დამადასტურებელი დოკუმენტი დაგჭირდება, მის მიღებაშიც ჯანდაცვის ცხელი ხაზი დაგეხმარება.

ვაქცინაცია

იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში გადაწყვეტს ვაქცინაციას, სახელმწიფოს დადგენილი აქვს ბენეფიციარების კატეგორია, ვისაც შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლოს. 

ესენი არიან:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე;

  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები.

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

  • №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრია (შვილი, მშობელი, მეუღლე) საქართველოს მოქალაქე.

დამატებითი ინფორმაცია

  • 144 - მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
  • 1505 - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
  • 1522 - ვაქცინაციის ცხელი ხაზი
  • 0800800909 - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი,
  • ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა