KA
9 გამორჩეული სანახაობა სამცხე-ჯავახეთში

9 გამორჩეული სანახაობა სამცხე-ჯავახეთში

დღევანდელი სამცხე-ჯავახეთი, რომელსაც ოდესღაც მესხეთი ეწოდებოდა, იმდენად მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, რომ შეგიძლია, აქ ყოველ წელს საინტერესო და განსხვავებული მოგზაურობა მოიწყო. ამ მხარეში აღმოაჩენ ერთმანეთისგან კონტრასტულ ლანდშაფტებს, მთებს, ტბებს, მდინარეებს, უძველეს ძეგლებს, რომლებიც ამ მხარის მდიდარი ისტორიული წარსულის მოწმეა, უნიკალურ კურორტებსა და ისეთ ზეცას, იშვიათად რომ გინახავს.
სარჩევი

მდებარეობა 

სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოში მდებარეობს, საქართველო-თურქეთის საზღვართან. სხვათა შორის, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა - სამცხე და ჯავახეთი.
მაშინ როცა, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოშია: ქართლი, კახეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალი, ხევი, ერწო-თიანეთი; დასავლეთ საქართველოში კი: იმერეთი,  სამეგრელო, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, აჭარა; 

დღევანდელი დაყოფით, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ასევე  ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე – თორი, რომელიც ტერიტორიულად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის არის მოქცეული.

ისტორია

შუა საუკუნეებამდე სამხრეთ საქართველო, სამცხისა და ჯავახეთის გარდა, ქართული ეთნოსით დასახლებულ არაერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს მოიცავდა, მათი სახელწოდებებია: შავშეთი, კლარჯეთი, მაჭახელი, ერუშეთი, კოლა, არტაანი, პალაკაციო, ტაო და სხვ., რომლებიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული.

საქართველოს ამ ნაწილში, ანუ სამხრეთ საქართველოში, ჯერ კიდევ ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა ქართველ ტომთა უძველესი გაერთიანება „დიაოხი“, რომელსაც მონარქია მართავდა და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ჰქონდა.

ჯავახეთი - ეს სახელი ისტორიულ წყაროებში პირველად ძვ. წ. 785 წელს მოიხსენიება, ურარტუს მეფის, არგიშთ I-ის წარწერაში.

სამცხე-ჯავახეთის სახელწოდებით კი XIII საუკუნიდან გვხვდება.

მოკლედ, სამცხე-ჯავახეთს უძველესი და უმდიდრესი ისტორია აქვს, რამაც ათასწლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ მხარის განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, დიალექტი და ხასიათი.

რა უნდა ნახო სამცხეში?

ვარძია

ვარძია უნიკალური, კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს.

ეს კომპლექსი აგებულია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა და კულტურული ბრწყინვალების ეპოქაში, კერძოდ კი XII-XIII საუკუნეებში, როცა საქართველოს მეფე გიორგი III და შემდეგ მისი ქალიშვილი, თამარ მეფე მართავდნენ. 

სანამ ვარძიას თავად დაათვალიერებ, მანამდე მისი მასშტაბები ამ ციფრებით წარმოიდგინე:

ზღვის დონიდან 1300-1462 მეტრ სიმაღლეზე, სამფერ კლდეში გამოკვეთილია 13 სართული, მათი საერთო ფართობი 40 000 კვ. მეტრია. ამ 13 სართულზე გამოჭრილია სხვადასხვა დანიშნულების 300-ამდე ოთახი და მათი დამაკავშირებელი ათეულობით გვირაბი. 

ვარძიის კომპლექტშია: 15 ეკლესია, სატრაპეზოები, სენაკები,  დამხმარე სათავსები, 25 მარანი 200-ამდე ქვევრით. 

ეკლესიებიდან ერთ-ერთში - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც ამ კომპლექსის გულია, გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტებსაც ნახავ.

ვარძიის მშენებლებს ისიც კი გაუთვალისწინებიათ, რომ კლდეში ნაკვეთ ქალაქს ბუნებრივი გათბობა და განათებაც საუკეთესო ჰქონოდა -  ოთახები სამხრეთიდან ჩრდილოეთით არის განლაგებული.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის უნიკალურობას იუნესკომაც მიაქცია ყურადღება და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში შეიტანა.

ზარზმის მონასტერი 

ზარზმა - ეს არის შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომელიც ახალციხიდან 38 კმ-ში მდებარეობს.   

მთებით გარშემორტყმული ეს დიდებული ტაძარი და მისი სამრეკლოს ზარის ხმა საოცარ რიდსა და აღფრთოვანებას იწვევს, მათ შორის - ახლოს მცხოვრებ, ადგილობრივ მუსლიმანურ მოსახლეობაშიც.

ამ ადგილას პირველად მონასტერი IX საუკუნეში დაუარსებია ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს ადგილობრივი მთავრის გიორგი ჩორჩანელის დახმარებით და მანამდე უდაბური ადგილი ქართული კულტურის კერად გადაუქცევია.

დღევანდელი ტაძარი და სამრეკლო კი XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული, რასაც მონასტრის შესასვლელში ქვაზე გამოყვანილ წარწერაზე ამოიკითხავ.

ამ ტაძარში ძველი შენობიდან ერთი საინტერესო, X საუკუნის წარწერაა გადმოტანილი, რომელშიც ნათქვამია, როგორ დაეხმარა 979 წელს ქართველი მეფე დავით III დიდი კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორ ბასილ II-ს, რომელსაც თავისივე პოლიტიკური მოღვაწე ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. ასე რომ, ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ბიზანტიას ქართველთა დახმარება სჭირდებოდა.

ახალციხის ციხე 

ზარზმიდან გოდერძის ულამაზესი უღელტეხილით ახალციხეში ჩახვალ, მრავალსაუკუნოვან ქალაქში, რომელიც ისტორიული სამცხისა და დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის ცენტრია.

ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან შეამჩნევ აღდგენილ და გალამაზებულ დიდ ციხესიმაგრეს, რომელსაც ახალციხის ციხე ეწოდება, თუმცა ბევრი რაბათის ციხის სახელით იცნობს. რაბათი კი ამ ციხის უბანს ეწოდება, რომელიც ყველაზე ძველია ახალციხეში.

ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება, ის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. XI საუკუნეში ომების დროს დაინგრა და XII საუკუნეში ამ ადგილას, მეფე დავით აღმაშენებლის დავალებით, ადგილობრივმა დიდებულმა ბეშქენ II ჯაყელმა ახალი ციხის აშენება დაიწყო. სწორედ მაშინ დაერქვა ამ ადგილს „ახალციხე“. XII-XIII საუკუნეებში ეს ციხე ჯაყელების რეზიდენცია იყო. 

ამჟამად ჯაყელების სასახლეში სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიერო.

რაბათის ციხის ტერიტორია 7 ჰექტარს მოიცავს და 2 ნაწილად არის გაყოფილი: ქვედა ნაწილში თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურაა მოწყობილი - რესტორანი, კაფე, ბაღი, სასტუმრო, ქორწინების სასახლე, სუვენირების მაღაზია, საინფორმაციო ცენტრი. ისტორიული ნაგებობები და მუზეუმი კი ციხესიმაგრის ზედა ნაწილშია თავმოყრილი.

აბასთუმანი 

ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ზემოთ შეპირებული ჯადოსნური ზეცა გელოდება. 

აბასთუმანი უნიკალური კურორტია, ზომიერად მშრალი ჰავით, ფიჭვნარი ტყით, რომელიც ფილტვებისა და ბრონქებისთვის შეუცვლელი მკურნალია და ასევე სამკურნალო თერმული წყლებით. 

აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს. აქ სხვადასხვა ასტრონომიულ კვლევებს ატარებენ, ციურ სხეულებზე დაკვირვებას კი კარგი ასტროკლიმატი სჭირდება, ანუ გამჭვირვალე ჰაერი, პრაქტიკულად უქარო ამინდები, უღრუბლო დღეები და ასეთივე ღამეების სიმრავლე. სწორედ ასეთია აბასთუმანი. აქ ცაზე ერთბაშად იმდენი ვარსკვლავი ჩანს, თითქოს საგანგებოდ შეგროვდნენ, ყველა ერთად რომ დაგენახა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე მდებარეობს და 1093 კვ.კმ ფართობს მოიცავს. ის სამცხე-ჯავახეთის სიმდიდრე და ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში. 

აქ სხვანაირი წვიმა იცის, წვიმის შემდეგ მიწასაც სხვანაირი სურნელი აქვს, აქ არ არის ასფალტი და ბეტონი. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ხასხასა ბალახია, სალაშქრო ბილიკები ხელუხლებელ ბუნებაში გადის, სადაც იშვიათი მცენარეები გვხვდება და მთელი გზა ჩიტების ჟღურტულის ხმა გესმის. 

პარკის ტერიტორიაზე შეგიძლია, რამდენიმედღიანი ტური დაგეგმო, მათ შორის - ცხენებით ლაშქრობაც, ღამის თევით პარკში მოწყობილ თავშესაფრებში დარჩე და  აქედან დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გაიყოლო. 

რას გთავაზობს ისტორიული თორი?

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე თორი, რომელიც ძირითადად ბორჯომის რაიონს მოიცავს. სამხრეთიდან ჯავახეთი ჰყავს მეზობლად, დასავლეთიდან კი - სამცხე.

სწორედ ისტორიული თორის ტერიტორიაზეა საქართველოს ორი უნიკალური  კურორტი:

ბაკურიანი - ის ქვეყნის ყველაზე ძველი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელსაც 2-საუკუნოვანი ისტორია აქვს და დღეს მსოფლიოში იცნობენ, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრს.

ეს პატარა დაბა დასვენებისთვის, გართობისა და თავგადასავლებისთვის იდეალური ადგილია. აქ ზაფხულში სიცხეს დაემალები, ზამთარში კი თხილამურებით ისრიალებ. 

დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ბაკურიანში თოვლისა და ზამთრის სპორტის სახეობების სეზონია - აქ 23 სამთო-სათხილამურო ტრასა და 17 საბაგირო მუშაობს; გაზაფხულსა და ზაფხულში ზაფხულის ექსტრემალური სპორტის დროა. ველომოყვარულებისთვის საერთაშორისო დონის ბილიკებია მოწყობილი,  ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულთათვის კი ნამდვილი სამოთხეა ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბაკურიანის სიახლოვეს, ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

აქაური მთის, კრისტალივით სუფთა ჰაერი, ხანგრძლივად კაშკაშა მზე, ნაძვნარი და წიფლნარი ტყე იდეალურია ყველა სეზონზე როგორც ხანგრძლივი დასვენებისთვის, ისე თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირის გასატარებლად.

თუკი ბაკურიანის მშვენებაზე, დიდველის მთაზე ახვალ, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე, აქედან ზღაპრული პანორამა გელის - ერთ მხარეს კავკასიის ქედის ბუმბერაზი მწვერვალებია, მეორე მხარეს კი - ციხისჯვრისა და ცხრაწყაროს ულამაზესი უღელტეხილები.  

კურორტი ბორჯომი  

კიდევ ერთი კურორტი სამცხე-ჯავახეთში, ისტორიულ თორში და მსოფლიოში ცნობილი სახელი! 

ბორჯომი ის ადგილია, სადაც ჰაერიც კურნავს და წყალიც, ანუ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ის მარადმწვანე ტყით დაბურულ ხეობაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზეა გაშენებული და წელიწადის ყველა სეზონზე ულამაზესია. 

შესაძლოა, ერთხელ მაინც მდგარა შენს სასადილო მაგიდაზე უნიკალური მინერალური წყლის „ბორჯომის“ ბოთლი - საქართველოს ბუნების ამ საოცრებას ხომ მსოფლიოს 40 ქვეყანაში იცნობენ.

ეს წყალი კი აქ, ბორჯომში, მიწის სიღრმიდან ამოდის, გზადაგზა კავკასიონის მთების მინერალებით მდიდრდება და უთვალავი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. 

ბორჯომის ირგვლივ შუა საუკუნეების ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომლებიც საინტერესო იქნება ისტორიის მოყვარული მოგზაურებისთვის. 

და კიდევ, ბორჯომში ყოფნისას რა არ უნდა გამოგრჩეს: 

ბორჯომსა და ბაკურიანს შორის 1902 წელს გახსნილ, ვიწროლიანდაგიან რკინიგზის ხაზზე პატარა მატარებელი მოძრაობს, რომელსაც აქ  „კუკუშკას“ ეძახიან. მატარებელი მდინარე ბორჯომისწყლის ზღაპრულ ხეობაში 37-კილომეტრიან მონაკვეთს გაივლის, მათ შორის -  ე.წ. ეიფელის ხიდს, რომელიც მდინარე ცემისწყალზეა გადებული და რომლის კონსტრუქციაც გუსტავ ეიფელის დამზადებულია.  დიახ - იმ დიდი ეიფელის.

რას ნახავ ჯავახეთში?

ჯავახეთის მისტიკური სილამაზის შესახებ ჯერ თუ არ გსმენია, წინ დიდი შთაბეჭდილებები და ემოციები გელის. ამ მხარის მთავარი სანახაობები კი ტბებია, რომლებიც ზამთარში გაყინულია, ზაფხულში - აფერადებული, სეზონურად კი - იშვიათი გადამფრენი ფრინველებით სავსე. 

ფარავნის ტბა 

ფარავანი წყლის ზედაპირის ფართობით საქართველოს ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ტბაა. ის სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარეობს, ზღვის დონიდან  2073 მეტრზე. 

ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი აქ ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსს არ აღემატება, ამ დროს ტბის ირგვლივ ხასხასა ალპური ბალახი და ფერადი ყვავილებია, ზამთარში კი ტბა იყინება და ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულია. გაყინულ ტბაზე ადგილობრივი მეთევზეების თევზაობა მისტიკური ფილმის კადრს ემსგავსება.

ფარავნის ტბის ირგვლივ ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების არაერთი ისტორიული ძეგლია: აბულისა და შაორის ციკლოპური ციხეები, განძის მენჰირი,  განძის ტაძარი, ფოკის ეკლესია და სხვა.

თუ სოფელ ფოკაშიც ჩახვალ და XI საუკუნის ფოკის ეკლესიას მოინახულებ, სადაც წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერია, იქვე პატარა მაღაზიაში მონაზვნების ხელით შექმნილ ლამაზ სუვენირებსა და ტკბილეულსაც შეიძენ. 

არსებობს ლეგენდა, რომ საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო კაბადოკიელი ჯავახეთის მთებით გადმოსულა და პირველად სწორედ ამ ადგილას შეჩერებულა, აქ გაუცნია მცხეთელი მწყემსები და აქედან ჩასულა მცხეთაში.

ყოველი წლის 1-ელ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღე აღინიშნება და მორწმუნეები სწორედ ფოკის მონასტრიდან იწყებენ მსვლელობას მცხეთამდე.

ტაბაწყურის ტბა 

ეს ტბა და მის ირგვლივ არსებული გარემო განსხვავებული სილამაზისაა. 

წარმოიდგინე: მთებში ჩაკარგული ალპური ტბა ალაგ-ალაგ ქვიანი, ქვიშიანი და კლდიანი ნაპირებით, ტბაში შეჭრილ კუნძულზე პატარ-პატარა სახლები და ეკლესიაც კი, ტბაზე მშვიდად მოცურავე თვალხატულა იხვები - თეთრფრთიანი გარიელები, რომლებსაც მონადირეების არ ეშინიათ, რადგან ტბაც და მიმდებარე ადგილებიც დაცული ტერიტორიაა - აქ არათუ ნადირობა, თოფით შესვლაც აკრძალულია. 

ტბის ნაპირზე სოფელია გაშენებული და სწორედ ამ სოფლის ნაწილია ტბაში შეჭრილი კუნძულიც. სოფელსაც ტაბაწყური ეწოდება. 

ტაბაწყურის ტბა ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს.  თუ კურორტ ბაკურიანში იმყოფები, ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე ცხრაწყაროს უღელტეხილით გადახვალ (დაახლოებით 30 კმ-ია ერთი მიმართულებით). გზად ზღაპრული ხედებია, უღელტეხილზე  2100 მეტრ სიმაღლეზე ადიხარ, ლამის ღრუბლებამდე, შეიძლება თავზე ოქროსფერმა ბატკანძერმაც გადაგიფრინოს და ფოტოაპარატიც სულ მომარჯვებული უნდა გქონდეს.

ეს გზა ზამთრის პერიოდში იკეტება და ბაკურიანიდან მხოლოდ თოვლმავლებით შეიძლება გადასვლა. ტბა კი რამდენიმე თვით იყინება და ამ დროს აქაურობა მთლიანად თეთრი და თვალისმომჭრელი ხდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა